24 ივლისი 2024 / სიახლეები უკან დაბრუნება

ონლაინ ტრენინგი კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზისა და კომუნიკაციის საკითხებზე

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 23 ივლისს, გამართა ონლაინ ტრენინგი კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზისა და კომუნიკაციის საკითხებზე. კონკურსით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია რა მეთოდები უნდა გამოიყენონ საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებისას. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ:

 - პოლიტიკის ანალიზის ციკლის თითოეული ეტაპისთვის რელევანტურ კვლევის მეთოდებს;

 - მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის მეთოდებს;

 - დაინტერესებული მხარეების ანალიზისა და მათი დამოკიდებულებების განსაზღვრის მეთოდებს;

 - პოლიტიკის დოკუმენტების კომუნიკაცია და პოლიტიკური მემოს შექმნა.

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ რეჟიმში. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ სასურველი კითხვები, ემუშავათ ჯგუფებში პრობლემის ხის აგების საკითხებზე და ტრენერისგან მიეღოთ რჩევები პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის მოსამზადებლად.

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი გამოცხადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის“ - ფარგლებში. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი /ანალიტიკური ნაშრომი და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

კონკურსის დეტალური პირობებისა და გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/73/

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.