კონკურსი უკან დაბრუნება

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის“ - ფარგლებში, IDFI  აცხადებს პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსს.

 

კონკურსი ცხადდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი / ანალიტიკური ნაშრომი და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

 

კონკურსის პირობები

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი მიმართულების  სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და  მკვლევრებს.

 

რას უნდა ეხებოდეს საკონკურსო დოკუმენტი?

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ პოლიტიკის დოკუმენტში განხილული უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ცალკეული მიმართულებებით არსებული პრობლემა და შემოთავაზებული იყოს მისი მოგვარების შესაძლო გზები/ალტერნატივები და შესაბამისი რეკომენდაციებით.

 

 

პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, პროგრესსა და საჭიროებებს:

     კორუფციასთან  ბრძოლის პოლიტიკა და რეფორმები;

   კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო ინიციატივები  (მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI),  კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN);

     საჯარო მმართველობის რეფორმა;

     საჯარო სერვისების რეფორმა;

     ღია მონაცემების გამოყენება:

     საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

     ციფრული მმართველობა / ტრანსფორმაცია და კიბერუსაფრთხოება;

     სახელმწიფო შესყიდვები (მათ შორის, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობა);

     ევროინტეგრაცია და კარგი მმართველობის რეფორმები;

     ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში საზედამხედველო ინსტიტუტების როლი.

 

რა უნდა გაითვალისწინოს კონკურსანტმა კარგი ნაშრომის მოსამზადებლად?

 - საკითხის შერჩევისას მნიშვნელოვანია კონკურსანტი შეეხოს ხსენებული მიმართულებებიდან კონკრეტულ საკითხს ან/და რეფორმას, რათა სიღრმისეული და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის მომზადება შეძლოს. 

 - ანალიტიკური ნაშრომი საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.

 - პოლიტიკის დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და შესაბამის სტატისტიკას, რისთვისაც კონკურსანტებს შეუძლიათ გამოიყენონ ან/და მოითხოვონ საჯარო მონაცემები.

 - დოკუმენტში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

 - არ მიიღება ანალიტიკური დოკუმენტები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

პოლიტიკის დოკუმენტის მოსამზადებელი აქტივობები

მაღალი ხარისხის პოლიტიკის დოკუმენტების მოსამზადებლად, საკონკურსო პერიოდში, IDFI დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს ანალიტიკური უნარების გაზრდის სხვადასხვა შესაძლებლობებს:

 

     ჯგუფური ან/და ინდივიდუალური მენტორინგ სესია / კონსულტაცია საკითხის ექსპერტებთან;

  ონლაინ ტრენინგები (მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კვლევის მეთოდები, მონაცემების შეგროვება, მონაცემების ანალიზი, მონაცემების ვიზუალიზაცია, პოლიტიკის დოკუმენტის დიზაინი და ა.შ.);

     საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საჯარო ლექციაზე დასწრება.

 

თუ გსურთ მიიღო ინფორმაცია მსგავს ღონისძიებებზე, გაიაროთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე და აიმაღლოთ ანალიტიკური უნარები საკონკურსო დოკუმენტის მომზადების პროცესში, ახლავე გაიარეთ რეგისტრაცია, აღნიშნული აქტივობები დაგეგმილია ივნისიდან და რეგისტრაციის შემდეგ პერიოდულად მიიღებთ სიახლეებს: https://forms.gle/NoM7D2Z2dzocmxa89

 

კონკურსის გამარჯვებულთა მხარდაჭერა

კონკურსში მიღებულ ნაშრომებს შეაფასებს შესარჩევი კომისია, რომელიც ცალკეულ ნაშრომს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასებს, მათ შორის:

-          ნაშრომის ტექნიკური გამართულობა

-          ნაშრომის ორიგინალურობა და ავტორისეული ხედვები

-          ნაშრომის ფაქტებზე დაფუძნებულობა და ანალიზის ხარისხი

 

კომისიის წევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის გასაგრძელებლად IDFI გაუწევს ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ლეპტოპს, iPad-ებს და მსგავსი ტიპის მოწყობილობით აღჭურვილობას.

 

დამატებითი შესაძლებლობები საინტერესო ნაშრომების ავტორებისთვის

 

საპრიზო ადგილებზე გასული კანდიდატებისა და სხვა საინტერესო ნაშრომების ავტორებისთვის გათვალისწინებულია სხვა დამატებითი შესაძლებლობები, კერძოდ,

        პოლიტიკის დოკუმენტის გამოქვეყნება IDFI-ის მიერ შექმნილ ონლაინ ჟურნალში;

      პოლიტიკის დოკუმენტის მიგნებების საფუძველზე ვიზუალური / საკომუნიკაციო მასალების მომზადებაში დახმარება და გავრცელება.

 

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 აგვისტო.

 

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

გამოგზავნისას მეილის სათაურში მიუთითეთ „პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი".

 

მოსამზადებელი ანალიტიკური ნაშრომის მოთხოვნები:

 

ტექნიკური მოთხოვნები:

-სიტყვები რაოდენობა: 3,000 – 6,000 სიტყვა;

-შრიფტის ზომა -11 (Calibri);

-სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5;

-წყაროების მითითებისას გამოყენებული უნდა იყოს Chicago (Turabian)-ს სტანდარტი.

-თავფურცელზე წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის სათაური, აპლიკანტის სახელი, გვარი და სასწავლო დაწესებულება.

-დოკუმენტს თანდართული უნდა ჰქონდეს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

 

მეთოდოლოგიური / შინაარსობრივი მოთხოვნები:

დოკუმენტი რეკომენდირებულია შეიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

 

შესავალს  - მასში განხილული უნდა იყოს შესწავლილი საკითხის აქტუალურობა საქართველოსთვის, ასევე ზოგადი ინფორმაცია პოლიტიკის დოკუმენტში განხილული საკითხების შესახებ:

 

სიტუაციის ანალიზს, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული პრობლემის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები და უარყოფითი შედეგები (რეკომენდირებულია სიტუაციის ანალიზი განხორციელდეს პრობლემის ხის მეთოდოლოგიის გამოყენებით). მნიშვნელოვანია, როგორც პრობლემის ისე გამომწვევი ფაქტორებისა და უარყოფითი შედეგებისთვის, წარმოდგენილი იყოს შესაბამისი მტკიცებულებები.  აგრეთვე საჭიროა წარმოდგენილი იყოს დაინტერესებული მხარეები, შეფასებული იყოს მათი გავლენა და ინტერესი პრობლემური საკითხის მიმართ.

 

ალტერნატივების ანალიზი / პრობლემის გადაჭრის გზა - აღნიშნულ თავში განხილული უნდა იყოს პრობლემის გადაჭრის ალტერნატივები (შესაძლებლობის შემთხვევაში, მინიმუმ სამი ალტერნატივა). ალტერნატივები მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს და დასტუდებოდეს პრობლემის გადასაჭრელად მათი რელევანტურობა.

 

ალტერნატივების ანალიზი უნდა შეიცავდეს მრავალფაქტორულ ანალიზს, რომელიც გამოავლენს პრობელმის გადასაჭრელად უპირატეს გზას.

 

რეკომენდაციები - აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს არჩეული ალტერნატივის განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯები. თუ ნაბიჯები გადასადგმელი იქნება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია, თითოეულისთვის წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რეკომენდაცია. 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ?

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე. ელ-ფოსტა: [email protected] ტელ: +995 32 2 921514

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.