მოლდოვის სასწავლო ვიზიტის მონაწილემ - ნინო ტაგანაშვილმა - კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა - 2019-2020 წლებში დაასრულა. ამჟამად, ნინო ტაგანაშვილი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტია. მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია პოლიტიკის დოკუმენტების, კვლევების, იურიდიული დასკვნების, ანალიტიკური მოსაზრებების შემუშავებასთან, მათ შორის, კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან მიმართებაში. სხვადასხვა წელს იგი, ასევე, იკავებდა იურისტის პოზიციას ქალაქ თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში.
ნინო არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი. იგი მუდმივად ჩართულია პროფესიულ პროგრამებში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, სწავლობდა მდგრად ელექტრონულ მმართველობას ლინშოპინგის უნივერსიტეტში (შვედეთი), საერთაშორისო სამართალს ვისტულას უნივერსიტეტში (პოლონეთი), ასევე, წარმოადგენდა საქართველოს გუნდს ჰუგო სინზეიმერის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ორჰუსის უნივერსიტეტში (დანია). 2018 წლიდან ფლობს ადვოკატის ლიცენზიას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2020 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კითხულობდა ლექციათა კურსს - "ელექტრონული მმართველობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშესაწყობად". ამასთანავე, პერიოდულად წერს ანალიტიკურ სტატიებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
ნინო ტაგანაშვილი: „კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამამ ჩემს კარიერულ განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა. მას შემდეგ აქტიურად დავიწყე კორუფციული საკითხების კვლევა, სტატიების წერა ამ მიმართულებით. პროგრამა საკმაოდ ინტენსიური, ინტერაქციული და მრავალმხრივი იყო, ფარავდა თითქმის ყველა რელევანტურ საკითხს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესასწავლად როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მომწონს ისიც, რომ ყოველი სასწავლო მოდულის შემდეგ გვქონდა პრაქტიკული დავალებები, რამაც საშუალება მოგვცა კრიტიკულად გვეაზროვნა და მიგვეღო მეტი ინფორმაცია. ყველას ვინც მუშაობს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ან აქვს სურვილი მისი მომავალი საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშიროს, ვურჩევდი, მიიღონ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა“.