საქართველოდან, მოლდოვის სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთი მონაწილე, იყო ანა გოგოლაძე, 29 წლის, პროფესიით ეკონომისტი, რომელსაც 2019-2020 წლებში დამთავრებული აქვს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა. ანა არის ქალაქ თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი. ანას აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. პოლიტიკურ აქტივობებთან ერთად, ანა მიწვეულია ლექტორის პოზიციაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში და საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე კითხულობს ეკონომიკასა და საჯარო ფინანსებთან დაკავშირებულ სასწავლო კურსებს.
ანას უმაღლესი განათლება ეკონომიკის და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ (ნიდერლანდები, გერმანია). ამჟამად სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე და ნაშრომის ფარგლებში იკვლევს საპარლამენტო ზედამხედველობას სახელმწიფო ფინანსებზე. ფორმალური განათლების პარალელურად, ანა აქტიურ მონაწილეობას იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ანა გოგოლაძე: „კორუფციასთან ბრძოლის ცხრათვიანმა პროგრამამ, მომცა ძალიან სიღრმისეული ცოდნა კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, დაწყებული სამართლებრივი ასპექტებიდან, დამთავრებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით. კურსი განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა, ორგანიზაციის მიერ გაზიარებული პრაქტიკული ცოდნის და უნარების თვალსაზრისით, რომელიც ერთი მხრივ საქართველოს პარლამენტში მუშაობის დროს დამეხმარა საპარლამენტო ზედამხედველობის უკეთ განხორციელებაში, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შემიწყო მიღებული ცოდნით საუნივერსიტეტო კურსების გამდიდრებასა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაში“.