18 მარტი 2024 / სიახლეები უკან დაბრუნება

IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრის საბაკალავრო საგანი დაიწყო

2024 წლის 15 მარტს, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრის საბაკალავრო საგანი დაიწყო. საგნის დასახელებაა „კორუფცია, ფული და პოლიტიკა”, რომელსაც უძღვება ლევან ნატროშვილი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 

კურსის - „კორუფცია, ფული და პოლიტიკა” - ფარგლებში დაიფარება ისეთი თემები როგორიცაა, პოლიტიკური კორუფციის არსი და სახეები; პოლიტიკური ფინანსები; არჩევნები, საჯარო რესურსები და ამომრჩევლის მოსყიდვა; პოლიტიკური ლობიზმი; ღია მონაცემები თუ საჯარო ინფორმაცია - ცნებები, განსხვავებები, დანიშნულება; ღია მონაცემებისა და საჯარო ინფორმაციის მეშვეობით კორუფციის რისკების იდენტიფიცირება პოლიტიკაში.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება IDFI-მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან დაიწყო. ბოლო წლების მანძილზე პროგრამა გაიარა 200-მდე მონაწილემ. 2024 აკადემიური წლის განმავლობაში სასერტიფიკატო პროგრამის გაგრძელებასთან ერთად, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. კურსის გახსნით ნაწილში სწორედ ამ დამატებით შესაძლებლობებზე ისაუბრა IDFI-ის წარმომადგენელმა და პროგრამის კოორდინატორმა, თეონა ტურაშვილმა. კერძოდ, ახალი ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესიონალებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ღია ლექციები, ონლაინ ტრენინგები, საკონსულტაციო სესიები. გამორჩეული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ანალიტიკური დოკუმენტი წარუდგინონ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მოიპოვონ ანაზღაურებადი სტიპენდია ან/და მონაწილეობა მიიღონ კარგი მმართველობის საკითხებზე დაგეგმილ საზამთრო სკოლაში. 

ხსენებული აქტივობები დაგეგმილია ახალი პროექტის - ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის - ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერება, რათა აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, შესაძლებლობების განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების/საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის მომზადებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა შესაძლებლობის უზრუნველყოფით

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.