ონლაინ ჟურნალი უკან დაბრუნება

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

14 თებერვალი 2023

მოკლე შეჯამება


ციფრულმა ტრანსფორმაციამ და ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა მონაცემების გამოყენებით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გასაზრდელად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მონაცემების ხელმისაწვდომობით გამოწვეული სოციალური და საზოგადოებრივი კეთილდღეობის არგუმენტთან ერთად, აქტუალური გახდა ხელმისაწვდომი მონაცემების კერძო სექტორის გამოყენებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კერძო სექტორი მნიშვნელოვან მოგებას არა მხოლოდ ბიზნეს/ეკონომიკური საქმიანობით შექმნილი მონაცემებიდან, არამედ ღია სამთავრობო მონაცემების შედეგად იღებს. 

 

ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო წლებში აქტიურად ტარდებოდა კვლევები ღია მონაცემების ხელმისაწვდომობით გამოწვეული შესაძლო ეკონომიკური სარგებლის შესახებ. აღნიშნული კვლევა, საქართველოს რეალობაში არის ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ნაშრომი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენებული მეთოდოლოგიების ადაპტირებითა და საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ადგენს ღია მონაცემების ეკონომიკურ ასპექტებს. ასევე, გამოყოფს მაღალი გავლენისა და პოტენციალის მქონე სექტორებს, და აიდენტიფიცირებს იმ მონაცემთა ბაზებს, რომელთა ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მომგებიანია საქართველოში მოქმედი კერძო კომპანიებისთვის. 

საქართველოში ღია სამთავრობო მონაცემების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლის მიზნით შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

 

     -  საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვა - შესწავლილ იქნა ღია მონაცემების ეკოსისტემის განვითარებისა და ეკონომიკური სარგებლის შესახებ არსებული ლიტერატურა.

      -  მეთოდოლოგიის შემუშავება - ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენებული მეთოდოლოგიების ადაპტირებით, შემუშავდა მეთოდოლოგია და მეთოდები, რომლებიც ადგენენ ღია მონაცემების ბაზრის, მათ შორის პირდაპირი და არაპირდაპირი ბაზრის ზომას, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საშუალებით წარმოქმნილი ახალი სამუშაო ადგილების ოდენობას, ასევე, ავლენს ღია მონაცემებზე მაღალი გავლენისა და პოტენციალის მქონე სექტორებს.

      -  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის განხორციელება - კერძო სექტორის საჭიროებების გასარკვევად, გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის კომბინირებულ მონაცემთა შეგროვების მეთოდები. მათ შორის, ონლაინ გამოკითხვა, ფოკუს ჯგუფ შეხვედრები და სიღრმისეული ინტერვიუები. ჯამში გამოიკითხა 100 კომპანია. 

 

     -  საერთაშორისო  პრაქტიკის მაგალითები - ცალკეული სექტორებისთვის,  ღია მონაცემების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოვლინდა საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მაგალითები. მათ შორის, იდენტიფიცირდა მონაცემთა პორტალის გამოყენებით დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილი  აპლიკაციები / სერვისები.

      -  კერძო-საჯარო დიალოგის (PPD) ხელშეწყობა - ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროების საკითხებზე გაიმართა კერძო-საჯარო დიალოგი, რომლის ფარგლებშიც  წარდგენილ იქნა კვლევის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.  

 

კვლევის ფარგლებში ღია სამთავრობო მონაცემების კანონმდებლობისა და პრაქტიკის კუთხით რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა:

 

      - ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანას არ აქვს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, ასევე, ღია სამთავრობო მონაცემების ერთიანი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო. 

      - მართალია არსებობს ღია მონაცემების ოფიციალური პორტალი, მაგრამ აღსრულების მექანიზმების არარსებობის პირობებში, საჯარო დაწესებულებები მასზე მონაცემებს წლებია არ აქვეყნებენ/აახლებენ. 

      - ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის კანონის არასათანადო აღსრულების გამო, რთულია დადგინდეს რა მონაცემთა ბაზებია დაცული საჯარო დაწესებულებებში.

      - კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის საჭიროა ღია სამთავრობო მონაცემების ეკონომიკური და სხვა საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.