ონლაინ ჟურნალი უკან დაბრუნება

ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში თინა ხიდაშელმა ანტიკორუფციულ კომისიებზე ლექცია გამართა

12 დეკემბერი 2022

ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში - 12 დეკემბერს IDFI-მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მაგისტრატურის ჯგუფის მონაწილეებისთვის ღია ლექცია გამართა. კურსის ფარგლებში მოწვეულმა ლექტორმა - ქალბატონმა თინა ხიდაშელმა ინტერაქციულ რეჟიმში ისაუბრა საერთაშორისოდ დამკვიდრებულ ანტიკორუფციულ კომისიებზე, რომლესაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კორუფციასთან ბრძოლის პროცესში. ლექციის მსვლელობისას ლექტორმა მიმოიხილა ანტიკორუფციული კომისიების სხვადასხვა ფორმა და მათი ძირითადი ფუნქციური განსხვავებები. ლექციის დროს ქალბატონმა თინამ ასევე იმსჯელა კორუფციასთან ბრძოლის წარმატებულ ქეისებზე, კერძოდ, იმ ქვეყნების მაგალითებზე, სადაც კორუფციის დონე დაბალია, სწორედ ანტიკორუფციული კომისიების ეფექტურად ფუნქციონირების შედეგად.

 

ლექციის მსვლელობისას ლექტორმა კურსის მონაწილეებთან ერთად ასევე განიხილა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ახალი სსიპ-ის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის პროცესი, რის დროსაც გამოიკვეთა, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება.

 

აღსანიშნავია, რომ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.


სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.